პირველკურსელთა საზეიმო მიღება


 

ქუთაისის უნივერსიტეტმა უკვე წლებია, რაც ტრადიციად დაამკვიდრა პირველკურსელთა საზეიმო მიღება და მათთვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემა. ასევე ტრადიციათაა ქცეული ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების საზეიმოდ გადაცემის ცერემონია. ვცდილობთ, ყოველწლიურად სიახლეები შევიტანოთ, გავამრავალფეროვნოთ, ფორმატი შევუცვალოთ აღნიშნულ ღონისძიებებს.

წელს გადავწყვიტეთ, რომ ეს ორი შესანიშნავი და ამავდროულად ძალზედ მნიშვნელოვანი დღე გაგვეერთიანებია: პირველკურსელები და წლევანდელი კურსდამთავრებულები 26 სექტემბერს ერთად შევკრიბეთ უნივერსიტეტის ეზოში.

პირველკურსელებს სტუდენტობა, ახალი სასწავლო წლის დაწყება და კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება მიულოცეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და პროფესორ-მასწავლებლების მისამართით მადლობის გამომხატველი სიტყვები, სითბო და სიყვარული არ დაიშურეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც არაჩვეულებრივი წლები გაატარეს ქუთაისის უნივერსიტეტში.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ქალაქის მერი ბატონი შოთა მურღულია, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ბატონი თორნიკე მარჯანიშვილი.

პირველკურსელებმა სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ყუთში თავიანთი სურვილები მოათავსეს - იმ გეგმებზე, რომელიც უნივერსიტეტთან  და საკუთარ პროფესიასთან დაკავშირებით გააჩნიათ. ყუთი 4 წლის შემდეგ გაიხსნება და გაირკვევა, რამდენად ასრულდა სტუდენტების მოლოდინი და იმედები.

ეზოს ამშვენებდა ახალი სასწავლო წლისთვის შეღებილი და ლამაზად მოხატული კედელი, უნივერსიტეტის ბანერი, წითელი ხალიჩა.

ღონისძიებას კიდევ უფრო საზეიმო ელფერი შეძინა  კულტურულმა პროგრამამ, რომელშიც მონაწილეობდა მუსიკალური ბენდი ,,მუზეუმი“, ცნობილი ქართველი მომღერალი რომა რცხილაძე.

საღამოს უძღვებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი, ყველასთვის  საყვარელი ახალგაზრდა და მოხიბვლელი  მომღერალი-მარიტა როხვაძე.

საზეიმო შეხვედრის კულმინაცია კი გახლდათ დიდი ტორტი და ფოიერვერკები.

მოკლედ რომ ვთქვათ, არაჩვეულებრივად ლამაზი და დაუვიწყარი საღამო შედგა!




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook