შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“ ერთ-ერთია თბილისს გარეთ არსებულ მცირერიცხოვან კერძო (არასახელმწიფო) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის უნივერსიტეტის სტატუსით. იგი შედარებით ახალგაზრდა აკადემიური დაწესებულებაა არსებობის 26 წლიანი ისტორიით, თუმცა  ერთ-ერთი უძველესია საქართველოს კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის. 2018 წლიდან იგი საქართველოს კერძო უნივერსიტეტების ასოციაციის წევრია.

უნივერსიტეტი დაფუძნდა 1991 წელს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სახელით, 1992 წელს ეწოდა „ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი“, 2010 წელს - „ქუთაისის უნივერსიტეტი“.

დაარსებიდან მოკლე დროში უნივერსიტეტმა, საკუთარი სახსრების მობილიზებით, შეძლო აეშენებინა საკუთარი შენობა - 1996 წლიდან დღემდე იგი ფუნქციონირებს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მდებარე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილ სივრცეში.

თავიდან უნივერსიტეტი მრავალპროფილიანი იყო - კადრებს ამზადებდა სამართლის, ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, უცხო ენების მიმართულებებით. 2006-2007 სასწავლო წლიდან, აკადემიური რესურსების ოპტიმალური გამოყენების მიზნით და ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით, უნივერსიტეტმა პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა კადრების მომზადება მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. ამჟამად უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) პროგრამებს ამ მიმართულებებით.

ქუთაისის უნივერსიტეტი წარმოადგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრს, რომელიც დაფუძნებულია სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჰარმონიული თანამშრომლობის პრინციპებზე.

დაარსების დღიდანვე უნივერსიტეტი მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა და მოწინავე პოზიციაზე იყო სტუდენტების მოზიდვისა და ჩარიცხვის მხრივ - 2011 და 2012 წლებში, ვაკანტური ადგილების შევსების მაჩვენებლის მიხედვით, იგი შედიოდა საქართველოს უნივერსიტეტების ხუთეულში.

უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ათეულში შედის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების საერთო რაოდენობის მიხედვით. კერძო უნივერსიტეტებს შორის ამ მაჩვენებლით იგი პირველია.

უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი მაღალი დონის უმაღლესი განათლების მისაღებად: მის საკუთრებაშია ქალაქის ცენტრში მდებარე ექვსსართულიანი კეთილმოწყობილი შენობა სასწავლო აუდიტორიებით, თანამედროვე ლიტერატურით დაკომპლექტებული ბიბლიოთეკითა (12 000 ერთეული წიგნადი ფონდი) და სამკითხველო დარბაზით, ორი კომპიუტერული ლაბორატორიით, შემოქმედებითი ლაბორატორიით (crealab), სტუდენტთა ღია სივრცით, მუდმივად ხელმისაწვდომი ინტერნეტით, სააქტო და საკონფერენციო დარბაზებით.

სასწავლო პროცესს წარმართავენ რეგიონში და მთლიანად საქართველოში აღიარებული პროფესორები. უნივერსიტეტი საუკეთესო პირობებს უქმნის მათ სამეცნიერო მოღვაწეობისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლების პარალელურად.